English / ქართული / русский /
ეთერ კაკულია
მცირე ბიზნესის განვითარების თანამედროვე ტენდენციები განვითარებულ ქვეყნებში

შესავალი

მცირე ბიზნესი (საწარმო) ეკონომიკის წამყვან სექტორებს შორის ერთ-ერთია, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ეკონომიკური ზრდის ტემპებს, მოსახლეობის დასაქმების მდგომარეობას, მთლიანი ეროვნული პროდუქციის ხარისხსა და რაოდენობას.

დღეისათვის მსოფლიო ეკონომიკაში მცირე  ბიზნესის განვითარების თანამედროვე ტენდენციები - ეს არის ინოვაციური და ვენჩერული მცირე საწარმოების ხელშეწყობა ეკონომიკაში მეტი ინოვაციების მიზნით, ასევე აღიარებულია მსხვილი, მცირე და საშუალო საწარმოების  „კლასტერი“ და „ეროვნული ინოვაციური სისტემა“.

ცნობილია, რომ მეოცე საუკუნის 80-იან წლებში ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა, მაიკლ პორტერმა შექმნა თეორია რეგიონულ კლასტერებზე დაფუძნებული ეროვნული კონკურენტუნარიანობის სტრატეგიის შესახებ. ქვეყნის მთავრობა, კერძო სექტორი, შესაძლებლობები, მოთხოვნა და კონკურენცია ქმნის ისეთ სტრუქტურას, რომლის ინდუსტრიათა ერთობა (განუსაზღვრელად სახელმწიფოს ზომისა)   მძაფრ კონკურენციას უწევს მსოფლიოს ბაზარზე წამყვან ბიზნესსუბიექტებს. მან თავის მონოგრაფიაში − „ერების კონკურენტული უპირატესობები“− ნათლად განსაზღვრა, რომ აშშ-ს წამყვანი კონკურენტული პოზიცია ინოვაციებში სწორედ კლასტერების ფორმირებით იყო განპირობებული ისეთ სფეროში, როგორიცაა ბიოტექნოლოგია, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგია მასაჩუსეტსისა და კალიფორნიის შტატებში, ჰოლივუდსა და ლოს-ანჟელესში [K. Krialashvili,  2017].

მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის სიმბიოზი, „კლასტერ - სიმბიოზი“ ხელს უწყობს მათ განვითარებას თითოეულის კონკურებტუნარიანობის და ეფექტიანობის ამაღლებას, მათი შესაძლებლობების სრულ გამოვლინებას და მათ რაციონალურ ჩართვას უმუშევრობის შემცირების,  ქვეყნის კონკურენტუნარიანობის  ამაღლების და  ეკონომიკური ზრდის საქმეში.

                                                                     *  *  *

განვითარებული ქვეყნების გამოცდილებამ ცხადყო, რომ მცირე საწარმოებს მსხვილ საწარმოებთან ფუნქციონირებით ეძლევა შესაძლებლობა, თავიდან მოიშოროს მის განვითარებაზე  მოქმედი  რიგი  ნეგატიური ფაქტორები. ბევრ დინამიურად განვითარებად ქვეყნებში,   სადაც კარგად მოფიქრებული   მეწარმეობის ხელშემწყობი  სახელმწიფო პოლიტიკა მიმართულია სოციალურ-ეკონომიკური ზრდის მიღწევაზე, თანმიმდევრულად მიმდინარეობს მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის აქტიური  ურთიერთობის პროცესი. ამასთან, საბაზრო ეკონომიკის მქონე რიგ ქვეყნებში გამოიკვეთა საერთო კანონზომიერება, რომელიც გამოიხატება იმ მცირე და საშუალო საწარმოების განსაკუთრებით წარმატებულ განვითარებაში, რომლებიც დაჯგუფებულნი არიან ლიდერი მსხვილი ფირმის გარშემო საწარმოო-ტექნოლოგიური, სამეცნიერო-ტექნიკური და კომერციული კავშირების საფუძველზე გეოგრაფიულად შემოსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებში.  XXI საუკუნის დასაწყისში მოწინავე ეკონომიკის  მქონე თითქმის ყველა სახელმწიფო ხელს უწყობდა ეროვნული კონკურენტუნარიანობის ზრდაზე ორიენტირებული რეგიონული ინოვაციური სისტემისა და „კლასტერების“ განვითარების პოლიტიკას, როგორც საშუალებას ეკონომკური ზრდისა და განვითარებისათვის.

კონკურენტუნარიანობის  ფენომენი პირველად დეტალურად იქნა შესწავლილი  მ. პორტერის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში განლაგებული, შედარებით კონკურენტუნარიანი 100-ზე მეტი მსხვილი, საშუალო და უამრავი მცირე საწარმოს დაჯგუფების განვითარებისა და საქმიანობის დაკვირვებით (კვლევით). ერთი დარგის საწარმოთა ამგვარი დაჯგუფებები იქმნება იმიტომ, რომ ერთი ან რამდენიმე მსხვილი ფირმა, მიაღწევს რა მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანობას, თავის ზემოქმედებას და საქმიან კავშირებს ავრცელებს უახლოეს გარემოცვაზე, თანმიმდევრულად აყალიბებს  და ქმნის საუკეთესო მიმწოდებლების და მომხმარებელთა მდგრად ქსელს. თავის მხრივ, ამგვარი ერთობლიობის წარმატებები დადებითად მოქმედებს ამ დაჯგუფების მონაწილე კომპანიების კონკურენტუნარიანობის შემდგომ ზრდაზე. ამგვარ გაერთიანებას მ. პორტერმა „კლასტერი“ უწოდა. ეს გაერთიანება, მათი ელემენტის ურთიერთზემოქმედების პროცესში, ითვალისწინებს რა მისი ცალკეული ელემენტების თვისებებს,  თავად იძენს ახალ თვისებებს, რომლებიც განსაკუთრებით ნათლად და მრავალმხრივ გამოვლინდება  იმ კლასტერებში, რომლებიც შექმნილია ეკონომიკური საქმიანობის  სუბიექტებით.

„კლასტერი“- ეს არის ეკონომიკურად მჭიდროდ  დაკავშირებული  და ერთმანეთთან ახლოს განლაგებული მსგავსი პროფილის ფირმების გაერთიანება, რომლებიც განაპირობებს ერთმანეთის საერთო განვითარების და კონკურენტუნარიანობის  ზრდას. ძირითადად ესენია მსხვილი ლიდერი ფირმების არაფორმალური გაერთიანება მრავალ საშუალო და უამრავლ მცირე საწარმოსთან, რომლებიც ქმნიან ტექნოლოგიებს, ერთმანეთთან აკავშირებენ საბაზრო ინსტიტუტებს  და მომხმარებლებს, ერთად მოქმედებენ ღირებულებათა ერთიანი ჯაჭვის შექმნის ფარგლებში. ისინი  თავმოყრილნი არიან განსაზღვრულ ტერიტორიაზე და საქმიანობის ერთიანი სქემით ახორციელებენ გარკვეული ტიპის პროდუქციის და მომსახურების წარმოებისა და მიწოდების ერთობლივ საქმიანობას.

  მსოფლიო პრაქტიკაში  განასხვავებენ „კლასტერების“ სამ სახეობას:

პირველი სახეობა, რეგიონული შეზღუდვის ფორმით „კლასტერი“ - ეს არის ეკონომიკური საქმიანობა მონათესავე სექტორებს შორის, რეგიონის შიგნით. ისინი, როგორც წესი, „მიბმული“ არიან ამა თუ იმ სამეცნიერო დაწესებულებასთან  (უნივერსიტეტებთან და სხვა).

მეორე სახეობა „კლასტერის“ - ეს არის საქმიანობის ვიწრო სფეროში მოქმედი ვერტიკალური საწარმოო კავშირები, შექმნილი სათავო ფირმის  ან  ძირითად საწარმოთა ქსელის გარშემო, რომლებიც მოიცავს  წარმოების, მიწოდების და გასაღების  პროცესებს.

მესამე სახეობაა წარმოების სხვადასხვა სახეობებში აგრეგაციის მაღალი დონის მქონე დარგობრივი „კლასტერი’’ (მაგალითად, „ქიმიური კლასტერი“) ან კიდევ უფრო მაღალი დონის აგრეგაციით (მაგალითად,  „აეროკოსმოსური კლასტერი“).

“კლასტერებს“ შიგნით ახალი ურთიერთობები ასტიმულირებს ინოვაციურ საქმიანობას, განაპირობებს პროგრესული ტექნოლოგიების განვითარების და ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის ყველა ეტაპის სრულყოფას. „კლასტერის“ შიდა კავშირები იწვევს კონკურენტულ უპირატესობათა მიღწევის ახალი გზების შემუშავებას და წარმოქმნის სრულიად ახალ შესაძლებლობებს. „კლასტერის“ შემადგენლობაში არსებული მრავალი საწარმო ურთიერთკავშირების და ურთიერთდაახლოების პროცესში თანდათან თავს აღწევს გათიშულობის, ინერტულობის და თავიანთ პრობლემებზე ჩაკეტილობის მომენტებს, რაც სასიკეთოდ მოქმედებს მათი ტექნიკური დონის და კონკურენტუნარიანობის ზრდაზე. ყოველივე ეს ხელს უწყობს „კლასტერში„ სოციალური კაპიტალის გაძლიერებას. „კლასტერში“ მისი ფორმირების სხვადასხვა ეტაპზე, ფირმათა შორის კავშირების დონის მიხედვით, რიგ ქვეყანებში (მაგ., ფინეთში) მიღებულია „კლასტერების“ პირობითი კლასიფიკაცია: „ძლიერი კლასტერები“; „პოტენციური კლასტერები“; „ლატენტური კლასტერული სტრუქტურები“.

„ძლიერი კლასტერი“, ამგვარი „კლასტერისათვის“ დამახასიათებელია, როგორც ძირითადი, ასევე თანმდევი წარმოების და სპეციალიზებული სერვისის კარგი ბალანსირება, მაღალი შიდა კონკურენცია, მსოფლიო დონის სამეცნიერო კვლევითი და ინიოვაციური პოტენციალი, ინტენსიური შიდა კლასტერული კავშირი ერთობლივი პროექტების ფარგლებში.

„პოტენციური კლასტერი“ წარმოადგენს სხვადასხვა საწარმოს საწარმოო და ტექნოლოგიური ფრაგმენტების ერთიანობის ინტენსიურ  განვითარებას.

„ლატენტურ კლასტერულ სტრუქტურებს“ გააჩნია საკმაოდ ძლიერი გამაერთიანებელი ცენტრები და რიგი მცირე და საშუალო საწარმოები, მაგრამ ჯერ კიდევ არშემდგარი კომუნიკაბელური კავშირების სისტემით.

თითოეული „კლასტერ - გაერთიანების“ სრულყოფის, „სიმწიფის“, მათი ეკონომიკური სიმბიოზის შეფასების კრიტერიუმს წარმოადგენს თვითრეგულირებადი საზოგადოებრივი გაერთიანებების არსებობა, ნდობისა და მის წევრებს შორის ინფორმაციის გაცვლის მაღალი დონე.

„კლასტერები“ ხელს უწყობს ეროვნული დარგების განვითარებას და მათ კონკურენტუპირატესობას ტექნოლოგიურად უფრო განვითარებულ ქვეყნებთან შედარებითაც კი.  ურთიერთდაკავშირებული დარგების „კლასტერების“ ყველა წევრი  ფირმა ახორციელებს ინვესტიციას სპეციალიზებულ კვლევებში, მსგავსი ტექნოლოგიების ინფრსტრუქტურის და ასევე ადამიანური რესურსების განვითარებაში, რაც გამოიხატება სინერგიულ ეფექტში და საშუალებას აძლევს მცირე ბიზნესს (მეწარმეობას), გადარჩეს გლობალიზებულ ბაზრებზე გაჩაღებულ მწვავე კონკურენტულ ბრძოლაში.

მცირე საწარმოები  მნიშვნელოვან როლს თამაშობს განვითარებული ქვეყნების სბაზრო ეკონომიკის თვითრეგულირების მექანიზმში. ეს განპირობებულია მათი მჭიდრო კავშირით მსხვილ ბიზნესთან, როგორცს  (სუბ)მომარაგების  ასევე სიახლეეების შემუშავების ხაზით.

განვითარებულ ქვეყნებში მცირე საწარმოს ერთ დასაქმებულზე სტატისტიკით 2.5-ჯერ მეტი ინოვაციები მოდის ვიდრე მსხვილ სწარმოს ერთ დასაქმებულზე.  მცირე და საშუალო საწარმოები  მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქონლისა და მომსხურების წარმოებაში და მოსახლეობის დასაქმებაში, საცდელ-სამეცნიერო-სამეწარმეო კვლევებში. გარდა ამისა,  სამუშაო ადგილების 2/3 იქმნება მცირე საწარმოებში. ამის გამო მცირე საწარმოების რიცხვი მუდმივად იზრდება, განსაკუთრებულად  მსხვილ საწრმოებთან ეკონომიკურ სიმბიოზში [ Н. А.  Азарова, 2010].

განვითარებული ქვეყნების „კლასტერ“ გაერთიანებების ძალისხმევა კონცენტრირდება არსებული კლასტერების ხელშეწყობაზე, ახალი „კლასტერების“ და კომპანიების ქსელის  შექმნაზე, რომლებიც ადრე არ ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს. განსაკუთრებულად ნათლად ახორციელებენ ამგვარ სტრატეგიას ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ბელგია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, დანია, იტალია, კანადა, ნიდერლანდები, ფინეთი, საფრანგეთი და სხვა. მაგალითად, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში ფირმების რეგიონული განლაგების ბაზაზე მოქმედებს ბიოტექნოლოგიური „ კლასტერების“  შექმნის პროგრამები. ნორვეგიაში  მთავრობა  „კლასტერების“ შექმნას იმით ასტიმულირებს, რომ ხელს უწყობს საზღვაო სფეროში მოღვაწე სპეციალიზებულ ფირმებს შორის თანამშროლობას. ფინეთში განვითარებულია „სატყეო კლასტერები“, სადაც შედის მერქნისა და ხის მასალის, ქაღალდის, ავეჯის, პოლიგრაფიული და მასთან დაკავშირებულ მოწყობილობათა წარმოება.

მცირე საწარმოები „კლასტერის“ შემადგენლობაში წარმოადგენს ბაზრის განსაკუთრებულ სუბიექტს, რომლებიც არენაზე გამოდიან  არა როგორც ცალკეული საწარმოები, არამედ, როგორც საწარმოთა გაერთიანებული ჯგუფის ელემენტები და ამიტომ მათი ეფექტიანობის შეფასება ხდება როგორც  „კლასტერის“  ფუნქციონირების წარმატებულობის, ასევე მის შემადგენლობაში მყოფი ცალკეული მცირე საწარმოების პოზიციიდან. „კლასტერში“  მცირე ბიზნესის ფუნქციონირების შედეგიანობა შეიძლება შეფასდეს  როგორც მისი წილით გამოშვებულ  პროდუქციაში , ასევე თვით “კლასტერის“ მაჩვენებლებით (მოგება,ინოვაციების დანერგვა, კონკურენტუნარიანობა).  „კლასტერის“ ეფექტიანობა გამოვლინდება ეკონომიკურ ზრდაში, სამუშაო ადგილების შენარჩუნებაში, საგადასახადო  ბაზის გაფართოებაში, ექსპორტის ზრდასა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში.

განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში მცირე ბიზნესის წარმატებით განვითარება განპირობებულია სწორედ მსხვილი და მცირე საწარმოების  კოოპერირების პრინციპით, რომლებიც კი არ ავიწროვებენ მცირე ბიზნესს, არამედ ურთიერთს ავსებენ და განაპირობებენ ერთმანეთს, განსკუთრებით  სპეციფიკურ წარმოების და ინოვაციების შემუშავების სფეროში.

„კლასტერ - სიმბიოზი“ - მცირე და მსხვილი ბიზნსის  განვითარების ეს მსოფლიო გამოცდილება, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, დაინერგოს საქართველოს ეკონომიკაში, უპირატესად  ქვეყნის  ტურიზმის ინდუსტრიასა და აგრარულ სექტორში რეგიონულ დონეზე.

მსოფლიო განვითარებული ქვეყნების გამოცდილებათა გაცნობამ მცირე საწარმოების წარმატებული ინოვაციების ბევრი მაგალითი დაადასტურა. მცირე ინოვაციური ფირმები უნივერსიტეტებსა და ახალგაზრდა მეცნიერებთან თანამშრომლობით ხშირად ახორციელებენ ძირითად ტექნოლოგიურ გარღვევებს და ინოვაციებს, რითაც წინ უსწრებენ მსხვილ კორპორაციებს. მცირე ინოვაციური საწარმოები აუცილებელ წყაროს წარმოადგენს ცოდნის შექმნაში, მათი ინოვაციები და ტექნოლოგიები ხშირად შეისყიდება და კომერციალიზდება მსხვილი საწარმოების მიერ.

დღეს განვითარებულ ქვეყნებში ინოვაციების ნახევარს და რადიკალური ინოვაციების თითქმის 100%-ს ახორციელებს მცირე ბიზნესი. გარდა ამისა, ინოვაციური პროცესის ეფექტიანობა მცირე საწარმოებში საგრძნობლად მაღალია ვიდრე მსხვილში.

მაშასადამე, რადიკალური ინოვაციების უმრავლესობას აწარმოებს მცირე ბიზნესი, მაგრამ ინოვაციებზე დაფუძნებული საქონლის სერიული წარმოება ხდება მსხვილი კორპორაციების კონცენტრაციის ხარჯზე.

აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ განვითარებულ ქვეყნებში მცირე ინოვაციური ბიზნესი დაკავებულია ისეთი სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებით, რომლებიც არ ითხოვს ფინანსური რესურსების მსხვილ დანახარჯებს და დასაქმებულთა დიდ რაოდენობას. მცირე ბიზნესის ინოვაციური ბუნებით, ინოვაციებში მისი მაღალი ეფექტურობით   არის განპირობებული ის, რომ  ევროკავშირსა და მსოფლიოს მთელ რიგ განვითარებულ ქვეყნებში დღეისათვის განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინოვაციური, მცირე ბიზნესის სახელმწიფო მხარდაჭერას. მცირე ბიზნესის განვითარების ეფექტური მექანიზმის არსებობა  განაპირობებს იმას, რომ დღეს მსოფლიო განვითარებულ ქვეყნებში ინოვაციური პროცესების ხანგრძლივობა შეადგენს 5-6 წელს, მაშინ როცა საშუალოდ განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში იგი უდრის 15-20 წელს [Зарубежный опыт].     

განვითარებული ქვეყნებიდან მცირე ბიზნესი უმეტესად განვითარების მაღალი ტენდენციით ხასიათდება აშშ-ში, ევროპასა და იაპონიაში. ამ ქვეყნებმა, შეიძლება ითქვას, აამოქმედეს მცირე ბიზნესის ყველა ის მნიშვნელოვანი დადებითი თვისება, რომელიც კი ახასიათებს მას და ჩააყენეს ეკონომიკის მდგრადი განვითარების სამსახურში, რაც ვლინდება შემდეგი მონაცემებითაც:

აშშ-ში ჩატარებული ემპირიული კვლევების შედეგად გამოიკვეთა, რომ ინოვაციური საქმიანობა მაღალი აქტივობით გამოირჩეოდა იმ საწარმოებში (ფირმებში), სადაც დაკავებულია 100-ზე ნაკლები ადამიანი, მკვეთრად დაბალი დონეა იქ, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა აღემატება 100 კაცს. ამერიკის ნაციონალური სამეცნიერო ფონდის შეფასებით, სკსსს-ის ყოველ ერთ დოლარზე ფირმები, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა არ აღემატება 100 კაცს, 4-ჯერ მეტ სიახლეს ნერგავს ვიდრე ფირმები, სადაც დასაქმებულია 1000-დან 10 000 ადამიანამდე, და 24-ჯერ მეტს, ვიდრე კომპანიები, სადაც დასაქმებულია 10 000 ადამიანზე მეტი [Мазоль С. 2004]. აშშ-ში ახალი ნაწარმის მნიშვნელოვანი შემუშავების 98% ქვეყანაში განხორციელებულია მცირე ბიზნესის მიერ. მაშინ როდესაც მცირე საწარმოები ხარჯავენ 5%-ზე ნაკლებს ქვეყანაში კვლევებსა და დამუშავებაზე გამოყოფილი საშუალებებიდან [რ. აბესაძე, ე. კაკულია, 2008]. აშშ-ი მცირე ბიზნესში ორჯერ მეტი სამუშაო ადგილები იქმნება ვიდრე საშუალო და მსხვილ ბიზნესში, ორჯერ მეტად ინერგება ახალი ნაწარმი [Зарубежный опыт].

დანახარჯების ეფექტიანობა სკსსს მცირე ინოვაციურ ფირმებში აშშ-ში 4-ჯერ მეტია ვიდრე მსხვილ კორპორაციებში. გარდა ამისა, მცირე ინოვაციური ბიზნესი ქმნის ინოვაციებს 1 დასაქმებულზე 2,5-ჯერ მეტს და ნერგავს მათ ერთი წლით ადრე, ვიდრე მსხვილი ბიზნესი. ყოველივე ამის შედეგია ის, რომ აშშ-ს მთლიან შიდა პროდუქციაში მცირე ბიზნესზე მოდის 60-70%-ზე მეტი [Зарубежный опыт].

განვითარებული და განვითარებადი ქვეყნები, ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის ამაღლების მიზნით, მნიშვნელოვან სახსრებს აბანდებენ სკსსს-ში. მაგალითად, ამერიკა გამოგონებასა და დანერგვაზე წელიწადში ხარჯავს $280 მილიარდს, იაპონია - $100 მილიარდს, ევროკავშირის ძირითადი ქვეყნები კი - $50-$60 მილიარდს, ჩინეთმა ეს დანახარჯები 1995-დან 2002 წლამდე 4-ჯერ გაზარდა $18-დან $72 მილიარდამდე, ხოლო 2010 წელს გამოყო $220 მილიარდი.

გერმანიაში მცირე ინოვაციური ფირმები „სკსსს“-ში დაახლოებით თავიანთი ბრუნვის 6.1%-ს [Зарубежный опыт] ხარჯავენ.

დღეისათვის ევროკავშირში 23 მლნ საწარმო ახორციელებს საქმიანობას, რაც საწარმოთა საერთო რაოდენობის 99%-ია. მცირე საწარმოების მიერ შექმნილია 90 მილიონი სამუშაო ადგილი, რაც დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 67%-ს წარმოადგენს [Зарубежный опыт].

იაპონიაში გასული საუკუნის 90-იანი წლების შუა პერიოდში სკსსს-ის შემსრულებელი მცირე და საშუალო ფირმების წილი უდრიდა 22%-ს; ახლო წარსულში კი შეადგენდა 38%-ს. ამ მხრივ გაწეული რესურსების ხარჯები 75%-ით ნაკლებია მსხვილ საწარმოსთან შედარებით.

კანადაში, ინგლისსა და გერმანიაში მცირე ბიზნესის წილად მოდის ქვეყნის მთლიანი წარმოების 60%-70%. საინტერესოა ის ფაქტი, რომ რიგი ქვეყნების მცირე საწარმოები მონაწილეობას იღებს პროდუქციის ექსპორტზე. საკმაოდ მაღალია ექსპორტის აქტივობის მაჩვენებელი. ასე მაგალითად, გერმანიის და ნიდერლანდების მთლიანი ექსპორტის წილად მცირე ბიზნესი მოდის შესაბამისად 40%-40%, იტალიაში - 25%, აშშ-სა და იაპონიაში შესაბამისად 15% და 15% [Зарубежный опыт].

საქართველოში “გლობალური კონკურენტუნარიანობის მოხსენების“ („თჰე Gლობალ ჩომპეტიტივენესს ღეპორტ“) ჩI (კონკურენტუნარიანობის ინდექსი)-ის რეიტინგის მიხედვით, 2014-15 წლებში არასახარბიელო მდგომარეობა გვაქვს მთელი რიგი მიმართულებით, როგორიცაა: ინოვაციური შესაძლებლობები (110), სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების ხარისხი (119), კომპანიის ხარჯი კვლევასა და განვითარებაზე (126), მეცნიერებისა და ინჟინრების არსებობა (122), ინდუსტრიული ინსტიტუტების მონაწილეობა კვლევა-განვითარებაში (128), პატენტებით სარგებლობა (65). ინოვაციების მიხედვით საქართველოს 121-ე პოზიცია უკავია. G ჩI-ის რეიტინგის მიხედვით, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2015-2016 წლების საქართველოს რეიტინგი 3 ადგილით გაუმჯობესდა და 69-ე ადგილიდან 66-ზე (4,22-იანი ქულით) გადმოინაცვლა 144 ქვეყანას შორის. ინოვაციები მაჩვენებლების მიხედვით გაუმჯობესდა, მაგრამ საქართველო ჯერ კიდევ ვერ იკავებს სასურველ პოზიციას, მეცნიერებისა და ინჟინრების არსებობა გაუმჯობესდა 9 საფეხურით და 113-ე ადგილზე გადმოინაცვლა. პატენტით სარგებლობის საკითხში თანამშრომლობა გაუმჯობესდა 5 საფეხურით და მე-60 ადგილზე გადმოინაცვლა. მაგრამ იმ ინდიკატორებში, რომლებიც ზომავს ტექნოლოგიების და ინოვაციების დონეს ქვეყანაში, საქართველოს პოზიციები არასახარბიელოა, მათ შორის: ინოვაციების შესაძლებლობა – 121-ე ადგილი; კომპანიის დანახარჯები კვლევასა და განვითარებაზე – 127-ე ადგილი; უახლეს ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა – 97-ე ადგილი; ფირმის დონეზე ტექნოლოგიების გამოყენება – 103-ე ადგილი [საქართველოს მცირე...2016].

ეს მაჩვენებლები ნათელი დასტურია იმისა, თუ როგორ ჩამორჩება საქართველო ინოვაციური მცირე ბიზნესის განვითარებაში.

მსოფლიო განვითარებულ ქვეყნებში დღეისათვის ინოვაციური ეკონომიკის ფორმირება-განვითარების საფუძვლად, შეიძლება ითქვას, აღიარებულია კიდევე ერთი მიმართულება – „ეროვნული ინოვაციური სისტემის“ დანერგვა. ნაშრომში [ე. კაკულია, 2017] შესწავლილია ირლანდიის ეროვნული ინოვაციური სისტემა, ნაჩვენებია მისი ეკონომიკური შედეგები. გამოთქმულია მოსაზრება ამ მოდელის საქართველოში გამოყენების შესაძლებლობის შესახებ. კვლევისთვის ირლანდიის შერჩევა განპირობებული იყო იმით, რომ ეს ქვეყანა გეოგრაფიული, დემოგრაფიული და ბუნებრივი კლიმატით ახლოს დგას საქართველოსთან, ხოლო ეკონომიკური მაჩვენებლებით (როგორიცაა მთლიანი შიდა პროდუქცია ერთ სულზე, უმუშევრობის დონე და ა. შ) კი სრული შეუსაბამობაა. ირლანდია უფრო მაღალი მაკროეკონომიკური მაჩვენებლებით ხასიათდება ვიდრე საქართველო. 

დასკვნა

მცირე ბიზნესის ინოვაციური ბუნებით, ინოვაციებში მისი მაღალი ეფექტურობით არის განპირობებული ის, რომ ევროკავშირსა და სხვა მსოფლიოს მთელ რიგ განვითარებულ ქვეყნებში დღეისათვის განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინოვაციური მცირე ბიზნესის მხარდაჭერას, როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო (მსხვილი საწარმოების) სექტორის მხრიდან.

განვითარებულ ქვეყნებში ინოვაციური მცირე ბიზნესის განვითარების ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალად დღეს აღიარებულია „კლასტერები“, რომლებიც დროის გარკვეულ პერიოდში აღწევენ ეკონომიკაში მეტი ინოვაციების დანერგვას, ვიდრე დამოუკიდებლად მოქმედი მცირე საწარმოები. „კლასტერ-სიმბიოზი“ - მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნსის განვითარების ეს მსოფლიო გამოცდილება - მიზანშეწონილად მიგვაჩნია, დაინერგოს საქართველოს ეკონომიკაში. „კლასტერების“ დანერგვა პირველ რიგში უნდა მოხდეს ტურიზმის ინდუსტრიაში, აგრარულ სექტორში. ინოვაციური ბიზნესის განვითარების მიმართულებით მსოფლიოში არსებული ტენდენციების შესწავლა და საქართველოში დანერგვა ხელს შეუწყობს როგორც მცირე, საშუალო და მასხვილი ბიზნესის, ასევე ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, ანუ ინოვაციების დანერგვას ეკონომიკაში.

ქვეყნის ეკონიმიკაში „კლასტერების“ „ეროვნული ინოვაციური სისტემის“ და ინოვაციური მცირე ბიზნსის სახელმწიფო მხარდაჭერის ეფექტური მექანიზმის დანერგვა უნდა გახდეს საქართველოს მთავრობის ძირითადი სამოქმედო გეგმა. რადგან, როგორც მსოფლიო გამოცდილებიდან ჩანს, ისინი წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის, ინოვაციურობის, უმუშევრობის შემცირების და ეკონომიკური ზრდის მაღალი დონის საფუძველს.

გამოყენებული ლიტერატურა

1. r. abesaZe, e. kakulia, mcire biznesis makroekonomikuri regulirebis meqanizmi saqarTveloSi, Tbilisi, 2009.

2. ი. გაგნიძე,  ქვეყნების კონკურენტუნარიანობა და კლასტერები: ისტორია და თანამედროვეობა; გამომცემლობა „უნივერსალი“ თბილისი, 2012.                                                                                                   3. საქართველოში მცირე da saSualo mewarmeobis ganviTarebis strategia 2016-2020   wlebisTvis.    https://www.google.ge/search?q=

4. e. Kკakuliა, n. BბibilaSvili, mcire biznesi: ekonomikis inovaciuri ganviTarebis faqtori. ivane javaxiSvilis saxelobis Tbilisis saxelmwifo universiteti, paata guguSvilis saxelobis ekonomikis instituti. პროფესორ გიორგი წერეთლის დაბადებიდან 65-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები: საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, ეკონომიკური განვითარების სტრუქტურული და ინოვაციური პრობლემები, 2017.

5. ე. კაკულია, ირლანდიის ინოვაციური სისტემა.  p. guguSvili ekonomikis institutis  samecniero Sromebis krebuli, t. X, 2017.

 6.  K. Krialashvili: რა არის კლასტერი? krialashvili.blogspot.com/2017/08/blog-post.html

 7. Н. А. Азарова, Современные тенденции развития малого предпринимательства в мировой экономике.   Ж. «Актуальные вопросы экономики и управления,   № 4 (020),  2010.                                           

8. Зарубежный опыт государственной поддержки инновационных малых и средних предприятий.  https://kfpp.ru/analytics/material/innovation.ph

9. Мазоль С., Экономика малого бизнеса. Минск., «Книжный Дом», 2004.

10. Муртазин А. С., О роли малого бизнеса для формирования инновационной экономики, 2011.  https://www.google.ge/search?q

11. Речмен Д., Мескон М., Боуви К., Тилл Д., Современный бизнес, в 2 т., М., «Республика», 1995.